1745959161
ანა ბუჩუკური - საქართველო 1999 წლის 27 იანვარს გახდა ევროსაბჭოს წევრი, ტრაგედიაა, რომ 26 წლის თავზე, ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დატოვოს, თითქოს დაასწრო ევროსაბჭოს

ტრაგედიაა, რომ 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, 26 წლის თავზე კი, ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დატოვოს, თითქოს დაასწრო ევროსაბჭოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა, არის ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ღალატი.
„ეს იყო პირველი შემთხვევა ევროსაბჭოს Მხრიდან, როდესაც ოფიციალურად ითქვა, რომ არ არის ეს არჩევნები აღიარებული და შესაბამისად ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის საქართველოს და იმ თითოეული მოქალაქის დამსახურება და მე ვიტყოდი გამარჯვება, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში, მიუხედავად სისტემური ძალადობისა, დგას და იცავს საკუთარი ქვეყნის მომავალს. არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ ეროვნული ინტერესებს და ზოგადად საქართველოს მომავალს.
რაც შეეხება „ოცნების“ ამ სასოწარკვეთილ რეაქციას, ეს არის ზუსტად ეროვნული ინტერესების ღალატი, სხვა არაფერი. დასავლეთის ნაწილი რატომ გვინდა რომ ვიყოთ? იმიტომ, რომ დასავლურ ცივილურ სამყაროში საქართველო და ქართველი ხალხი ყველაზე კარგად დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ იდენტობას. ეს არაა რაღაც მარაზმი ახალ ფორმატებს რომ გვთავაზობს და ე.წ. ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს 3+3 ფორმატს. ეროვნული იდენტობის დასაცავი ბრძოლაა ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში. ასევე ტრაგედიაა, რომ 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი და იყო ზურა ჟვანიას ცნობილი ფრაზა „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“. 26 წლის თავზე კი, ქართველი ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ ასე სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, რომ ტოვებს, თითქოს დაასწრო ევროპის საბჭოს. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ღალატი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა: „„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება წევრად“.