ამ ქვეყანაში ღირსების გარანტორები ვართ - ჩვენმა პატრიოტმა მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებით პირველად იგრძნო ქვეყნის სუვერენიტეტი - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ. მისივე თქმით, შეხვედრები გაიმართება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში და ეს ყველაფერი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

„მოსახლეობას წარვუდგენთ იმ საარჩევნო კამპანიას და დაპირებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს წარმოადგენს. ჩვენი მთავარი სლოგანია: მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე მდგენელი აქედან ამოვიღოთ. ჩვენ მშვიდობისა და ღირსების გარანტორები ვართ ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენმა პატრიოტმა მოსახლეობამ რეალურად პირველად იგრძნო ქვეყნის სუვერენიტეტი იმ გადადგმული ნაბიჯებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. ჩვენ კეთილდღეობის გარანტორებიც ვართ, რაზეც მეტყველებს ის ეკონომიკური და ფინანსური მონაცემები, რომელზეც მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიო ბანკიც საუბრობს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.