"ამ ქალბატონს ვთხოვთ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ აკეთებს საქართველოს მიმართ. თუ დაგავიწყდათ, რა არის კანონი თქვენს ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვვიწყებია, რა არის დემოკრატიული კანონი ჩვენს ქვეყანაში" - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე

ირაკლი ქადაგიშვილი

 ევროკომისიის პრეს-სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს პოლიტიკური შეფასებები მოყვა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეს-სპიკერი საქართველოსთან მიმართებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

"ამ ქალბატონს ძალიან ვთხოვთ, რომ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ აკეთებს საქართველოს მიმართ. არავის შთაგონება არ სჭირდება საქართველოს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის შთაგონება არ გვჭირდება არაფერში. ჩვენ ჩვენი გონებაც გაგვაჩნია და ჩვენი ბრძოლის ისტორიაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ტრადიციას ვაყალიბებთ იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს დესტრუქციის, ქაოსის და ფერადი რევოლუციების სარბიელი. ამიტომ, ეს შთაგონებები დაიტოვონ თავისთვის. მშვიდობიან დემონსტრანტს, მშვიდობიან მომიტინგეს და ჟურნალისტს არავინ არაფერს ერჩის. მაგრამ, ქალბატონო პრეს-სპიკერო, როდესაც თქვენი ძალების დემონსტრანტები მოწოდებით იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, შეჭრას, დამხობების გამოცხადებას და ქმედებას, იქ კანონი მოქმედებს. თქვენ თუ დაგავიწყდათ, რა არის კანონი თქვენს ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვვიწყებია, რა არის დემოკრატიული კანონი ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.