„ტემპერატურა 5, 7 გრადუსით დაეცემა...“ - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
1760782009
პროკურატურამ სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს წარუდგინა. მათ შორის ერთს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მას ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება, 9 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, 5-ს კი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი შუამდგომლობა გირაოს გამოყენება იქნება.
მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანი ბერია აცხადებს, რომ დაცვის მხარე მოითხოვს, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნას გამოყენებული.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნას გამოყენებული, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები - ვგულისხმობ მტკიცებულებებს, რომელსაც ბოლომდე არ გავცნობივარ, თუმცა, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი ვიდეომასალაა წარმოდგენილი," - აცხადებს ადვოკატი.
სხვა დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.
"მოხდა ბრალის წარდგენა. ძირითად შემთხვევაში, ეს არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ხოლო რიგი პირების მხრიდან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ცხადია, ამ ბრალდებას ისინი არ ეთანხმებიან, ვინაიდან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. დიდი ალბათობით, დღესვე იქნება სასამართლო პროცესი, სადაც მოხდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის გადაწყვეტა," - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. "ბრალი წარუდგინეს იური ლომიძეს, ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ეცვა ფორმა. სახლში, მის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, შეუვარდა სპეცრაზმი იარაღებით. ედავებიან იმას, რომ ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. დღესვე იქნება ალბათ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, არ მექნება იმის შესაძლებლობა, რომ სრულად გავეცნო მასალებს," - აცხადებს იური ლომიძის ადვოკატი, ბორის ყურუა.