აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენება დღეს ვეტერანებმა მალხაზ თოფურიამ და გია ნიშნიანიძემ მისცეს. პროკურატურაში იმყოფებოდა ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძეც. უწყებამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტის და სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, კობა ლიკლიკაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძის მსგავს სახელმწიფო მოღვაწეს მსგავსი განცხადებების გაკეთება არ უნდა შეეფერებოდეს. მისი თქმით, ბარამიძემ საკითხის მოსაგვარებლად დროულად უნდა მოიხადოს ბოდიში და საკუთარი განცხადება დააზუსტოს.
„მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მიმინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, ან სხვა ასეთ თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა.
მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით არც ხელფასი აქვთ მაღალი, რაც სოციალური მდგომარეობა აქვთ მარტო ღირსება და იმას, როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქითა მხარე თურმე ანგელოზია, რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს და ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო მეტი, რამაც გამოიწვია აღელვება", - აცხადებს ჟურნალისტი, სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კობა ლიკლიკაძე.