1732386875
ამ კანონის მიღება არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟი - სამადაშვილი
ამ კანონის მიღება არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟი,- ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში.
„ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს ამ კანონპროექტს, კონსტიტუციის წინააღმდეგ იმოქმედებს. ცხადია, საზოგადოებამ, ჩვენმა პარტიამ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს, რომ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით", - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მიტაცებულია რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ.
„თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე არის ეს კანონპროექტი რუსული. საუბარი მარტო იმაზე კი არ არის, რომ რუსული კანონი გადმოთარგმნეს, არამედ რუსეთის ამოცანა დღეს რაც არის, ამ ქვეყნისთვის ევროპული კარების ჩაკეტვა, ამ პროცესს ახორციელებს სწორედ ეს კანონპროექტი. ამიტომ, არის რუსული კანონპროექტი. მხოლოდ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა შეიძლება, რომ მსგავსი კანონპროექტი არათუ დაამტკიცოს, არამედ განსახილველად დააინიციროს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.