ამ ევროპარლამენტარებს, როგორც ჩანს, არ აქვთ ინფორმაცია, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნესსექტორისა და მედიის მიმართ წლების წინ - კალაძე

კალაძე კახა

კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვის საპასუხოდ.

მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ.

„ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოსცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ. დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? არ იციან, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნეს სექტორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, მედიის მიმართ და დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.