ამ დონემდე მივედით, რომ ხალხის სახელით გველაპარაკა ზოგიერთი უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოში ნამყოფიც არ არის საერთოდ და Youtube-ით აქვთ ნანახი ხინკალი როგორ იჭმევა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

გასაკვირია, რომ არჩევნების კონტექსტში მოდის ხოლმე მეორე წინადადებად გამჭვირვალობის კანონის საკითხი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს, ქვეყნის გარეთ ჩვენს დემოკრატიაზე თუ არჩევნებზე უფრო მეტად აწუხებთ ზუსტად ის კანონი, რომელიც მათი ფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ეს ხომ თავისთავად რაღაც ფროიდისეული წამოცდენისავით არის, როდესაც ერთ აბზაცში ვხედავთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა შუაშია ეს კანონი ამ არჩევნებთან? - განაცხადა შალა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ზოგიერთს არჩევნების პროცესზე მეტად საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა აწუხებს. მისივე თქმით, არჩევნებზე ხალხმა მათ შორის გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონებსაც დაუჭირა მხარი.

„ხომ გახსოვთ, რომ ზოგიერთი უცხოელი გვეუბნებოდა, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს. ამ დონემდე მივედით, რომ ხალხის სახელით გველაპარაკა ზოგიერთი უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოში ნამყოფიც არ არის საერთოდ და Youtube-ით აქვთ ნანახი ხინკალი როგორ იჭმევა. ნაჭამიც არ აქვს ზოგიერთს ალბათ. გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს კანონები. ხომ გამოვიდა ქართველი ხალხი და უთხრეს: დიახაც, მინდა. ერთიც და მეორეც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებმა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა დაადასტურა. მან ასევე ყველას შეახსენა, რომ მმართველი პარტია კანონის კონკრეტულ დებულებებზე სამუშაოდ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას მისი ინიცირების დღიდან გამოთქვამდა.