ამ ადმინისტრაციამ არჩევნები წააგო და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო - წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის, მათ შორის, მინისტრების, პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.
 
მისი განცხადებით, პარადოქსულია, რომ სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები, შესაბამისად, არ შეიძლება, დემოკრატია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია. მეორე: პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - სხვას.და მესამე - ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია. ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია.“ -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.