ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებულია, არანაირი დემარში არ იგეგმება - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მწვავე განცხადებებით პასუხობენ. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს ნომერ 4-ს "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაღალი პროცენტი პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა.

პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ წითლიძის განცხადებას ცილისწამება და უზნეო ბრალდება უწოდა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგობრივ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს. ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს კოლეგა პარტიებს გიგა ბოკერია, რომელიც ამბობს, რომ მიუღებელია ალიანსში ყოფნა და, ამავდროულად, საერთო წესების უარყოფა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, რადგან ის ციხეშია, ხოლო გიგა ბოკერიაზე უფრო პრიორიტეტული ხალხის საჭიროებებია.

ამასთან წითლიძემ განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსის დატოვებას და დემარშს არ აპირებს.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, იხელმძღვანელეთ იმ პოსტით, რა პოსტიც მე დავდე ჩემს Facebook-ზე. ვის ვისაც უნდა, იმას ელაპარაკოს ალიანსის შიგნით თუ გარეთ. ჩემთვის, გიგა ბოკერიაზე უფრო პრიორიტეტული არის საქართველოს მოქალაქეები, ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს. ნავთლუღის ბაზარში ჩემთვის არავის არ უკითხავს, რა თქვა ბოკერიამ და რა შეიძლებოდა მეპასუხა მე მისთვის. ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით. განცხადება გაკეთებულია, გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომ არანაირი დემარში არ იგეგმება ", - განაცხადა ანა წითლიძემ.