2026 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1771355210
საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.
ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის - „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართულ კონკურსში, ნომინაციაში - „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.
დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.
უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანიის „რექონესენს ინტერნეიშენალის“ (Reconnaissance International) ორგანიზებით ჩატარდა. მასში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები: სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თამთა ფეტვიაშვილი და ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პროექტის მენეჯერი, ნატალია გეგელაშვილი ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ქართული დოკუმენტების დიზაინი და მახასიათებლები გააცნეს.
ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული.
ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.