ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან, ჩვენგანაც აბსოლუტური მზაობაა და ამაში არის სრული თანხვედრა - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

"ახალი ადმინისტრაცია არის აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან, ჩვენგანაც აბსოლუტური მზაობაა და ამაში არის სრული თანხვედრა" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ ეს ურთიერთობები ახალ პოზიტიურ ტალღაზე გადავიდეს.

"საპარლამენტო გუნდი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს. იყო სირთულეები ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების, თავად ამერიკაშიც გაიჟღერა მათი მხრიდან. მაგრამ, ახალი ადმინისტრაცია არის აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან, ჩვენგანაც აბსოლუტური მზაობაა და ამაში არის სრული თანხვედრა. რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებებიც ემსახურება იმას, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ ეს ურთიერთობები ახალ პოზიტიურ ტალღაზე გადავიდეს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. გუშინ ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში, ომის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა. მანამდე, დელეგაცია თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში მართავდა შეხვედრებს. ბოლო ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, სუვერენულ ერთა სამიტია.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ხელმძღვანელმა თემატურ საკითხებთან ერთად აქცენტი მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა და საქართველოს მიერ არჩეულ იმ სტრატეგიაზე ისაუბრა,რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებს და მშვიდობის პოლიტიკას აძლიერებს.