ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

 საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს.

2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.

დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას.

"ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.