ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა

ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა

მე-11 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომიტეტების თავმჯდომარეებს კიდევ ერთხელ მიულოცა არჩევა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„წინა მოწვევის პარლამენტს წარმატებული ოთხწლიანი ციკლი ჰქონდა. ბევრი თქვენგანი მაშინაც იყავით ბიუროს წევრები და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელიც ძალიან საინტერესო, წარმატებული იქნება ჩვენი ხალხის და ქვეყნის მსახურების საქმეში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ბიურომ განიხილა „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი. ასევე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.

ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები.

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია ირაკლი კობახიძის წარდგინება „საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წამოყენების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა.

პარლამენტის ბიურომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის კომიტეტებში, ფრაქციაში და პლენარულ სხდომაზე განხილვის გრაფიკი დაამტკიცა. ბიურომ ასევე დაამტკიცა კომიტეტების დებულებები.