24 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1734977187
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წლის რთვლის მიმდინარეობის შესახებ გასვლითი სხდომა თელავში გამართა.
კომიტეტის სხდომაზე, რომელიც რთვლის საკოორდინაციო შტაბის საკონფერენციო დარბაზში შედგა, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარადგინა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ექსპორტის ზრდის, პოპულარიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს მიერ შარშან განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2023 წელს ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართა საქართველოშიც, რაც ტურიზმის განვითარებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას უწყობს ხელს.
„ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის მიზანია, უნიკალური ქართული ღვინის დამკვიდრება გლობალურ ღვინის ბაზარზე. ექსპორტის ზრდის ბოლო 10 წლის ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. სტაბილურად მზარდი ღვინის ექსპორტი ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონ ლარს შეადგენდა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება - ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ.
კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2024 წლის რთვლის მიმდინარეობის შესახებ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს რთველი 13 აგვისტოს დაიწყო და ყურძნის მიღებაზე რეგისტრაცია 530 კომპანიამ გაიარა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის გაწეული საქმიანობისათვის.
„დარგის წარმატებები დიდწილად განსაზღვრა სამინისტროსა და სააგენტოს სწორმა პოლიტიკამ. დღეისათვის უკვე გადამუშავებულია დაახლოებით 250 ათასი ტონა ყურძენი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. წელს, გასულ წელთან შედარებით, მართლაც რეკორდულ მოსავალს ველოდებით, რაც იმის გარანტიაა, რომ კიდევ უფრო რეკორდული გვექნება ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც. აღსანიშნავია, რომ წელს რთვლის ფარგლებში, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით როგორც რქაწითელზე, ასევე საფერავზე სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ იქნა სუბსიდია და როგორც ჩვენს მევენახეებს შევპირდით, გადამუშავების გარეშე არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე აღსანიშნავია ის ღონისძიებები, რომლებიც კადასტრის მიმართულებით განხორციელდა.
როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, მიმდინარე წელს თელავში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისის მშენებლობა იწყება და თუ ჩვენი მეღვინეები და მევენახეები სერვისებს აქამდე მხოლოდ თბილისის ოფისში იღებდნენ, უახლოეს პერიოდში მათ საშუალება მიეცემათ სერვისები უკვე ადგილზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თელავის ოფისშიც მიღონ.
კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2024 წლის რთველის მიმდინარეობის შესახებ ცნობად მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელბს.