აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა  კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა.

„მეათე მოწვევის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ კანონების სრულყოფილად ამოქმედებას, რასაც დიდ წილად სწორედ კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულება განაპირობებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები მთავრობის და სამინისტროს მხრიდან, ფაქტობრივად, შესრულებულია.

კერძოდ, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 75-ე მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული  დავალებები - ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები, ასევე  ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები -  მთავრობის დადგენილებებით უკვე განსაზღვრულია. ასევე გამოცემულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებები „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“  და  „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციების თაობაზე, რომლებიც „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად შემუშავდა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მისაღებად უკვე მომზადებულია „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“  და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებებიც. ასეთია  სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია და იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას ექვემდებარება. ეს საკითხები, მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ იანვრამდე გადაწყდება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.