ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში მოისმინა

სხხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში მოისმინა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის ინფორმაციით,  2024 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლებმა მიმართეს როგორც ოფისებში ვიზიტებით, ასევე  სოციალური ქსელის, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით.

მისი თქმით, საანგარიშო წელს საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად დაფიქსირდა ე.წ. ოქმების ჩანაწერის რეკორდული მაჩვენებელი - 144 ოქმი, საიდანაც უმეტესობა იყო კოლექტიური პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა სოფლების, უბნების ან კორპუსების მცხოვრებთა საერთო პრობლემებს.

ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, 2024 წელს სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 1406-ს, მათ შორის, 606 ახალი განცხადება-საჩივარია. სამსახურმა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია 2250 მომხმარებელს. სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით დახმარება გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს - ჯამში,  8000-ზე მეტ მომხმარებელს.

ნინო გულეიშვილის განცხადებით,  ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ შესწორებულმა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხულმა  თანხამ 175 ათას ლარს მიაღწია.

"საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 618 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ თანხა,  ჯამში 50 ათას ლარამდე. ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 12 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები, ჯამში 125 ათას ლარამდე“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში სამსახურმა მონაწილეობა მიიღო და ჩაატარა სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.

კომიტეტმა  დადებითად შეაფასა სამსახურის საქმიანობა.