ადამიანები წერდნენ, ქართველობის მრცხვენიაო, ჩვენ ქვეყანას ვინარჩუნებდით და ამის რცხვენოდათ, დღეს სად არიან ეს ადამიანები, რომელს რცხვენია მაშინდელი პოზიციის? - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaraZe

ომში რომ შევვარდნილიყავით, დავხოცილიყავით და მერე კიდევ ვინმეს ზემოდან საყვედური ეთქვა, ეს იქნებოდა მორალური? თუ ის არის მორალური, რომ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე, შვილებზე, მომავალ თაობაზე ვიზრუნეთ?!, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაზმ განუცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს: "მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ვხედავთ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას. დღეს უკვე ამტკიცებენ, რომ სანქციების დაწესებას არ ითხოვდნენ. რატომ შეიცვალეს ახლა პოზიცია და რატომ უარყოფენ იმას, რასაც თავის დროზე ამბობდნენ?", რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ მატყუარობა და აგენტობაა ამის პასუხი.

"თქვენ მეკითხებით, მატყუარებმა და აგენტებმა რატომ შეიცვალეს პოზიცია. რთული კითხვაა, მაგრამ ამ რთულ კითხვაზეც შეგვიძლია, პასუხი გავცეთ, რომ დიახ, მატყუარობა და აგენტობაა ამის პასუხი. თუმცა, რთულია იმდენად, რამდენადაც მათ მაგივრად მე ვერ გავცემ კითხვებზე პასუხს. მინდა, მათი ქმედების ერთადერთი შეფასება გავაკეთო, რიტორიკული კითხვით დავიწყო – ხომ არ დაუგმიათ უკვე ზელენსკის ის პოზიცია, დავარქვათ ამორალური პოზიცია, რასაც თავად მან საპირისპირო მიმართულებით ამორალური უწოდა? მან ელჩი გაიწვია თავის დროზე საქართველოდან, გახსოვთ ალბათ ყველას, იმისთვის, რომ ჩვენ თურმე მოხალისეები არ გავაგზავნეთ და ამორალური პოზიცია დავაფიქსირეთ თურმე სანქციების არდაწესებით. რომელი იყო მორალური საქართველოსთვის? რომელი იყო საქართველოსთვის მომგებიანი, ეროვნული – დღეს გეკითხებით კიდევ ერთხელ. რომელი იყო მორალური, რომელი იყო სწორი? საკუთარი შვილები, ასეულობით ათასეული ადამიანი, საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი სამშობლო გადავარჩინეთ – ეს იყო ამორალური?! ომში რომ შევვარდნილიყავით, დავხოცილიყავით და მერე კიდევ ვინმეს ზემოდან საყვედური ეთქვა, ეს იქნებოდა მორალური? თუ ის არის მორალური, რომ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე, შვილებზე, მომავალ თაობაზე ვიზრუნეთ?! ეს არის ამორალური? დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც რომელიმე გაბედავს იმის თქმას, რომ ამორალური მაშინ ის პოზიცია იყო, რის გამოც ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია? არ გახსოვთ ადამიანები ათობით, ასობით და ათასობით რომ წერდნენ, ქართველობის მრცხვენიაო. ანუ ჩვენ ქვეყანას ვინარჩუნებდით, მსხვერპლშეწირვას არ ვაკეთებდით მოქალაქეების სახით, საკუთარი სამშობლოს სახით და ამის რცხვენოდათ. დღეს სად არიან ეს ადამიანები? აბა, რომელს რცხვენია მაშინდელი პოზიციის? ერთმა კაცმა ამოიღოს დღეს ხმა და თქვას, კიდევ ვის რცხვენია ქართველობის იმის გამო, რომ ზელენსკიმ ელჩი გაიწვია და პოზიციას მიაყოლოს იქვე და თქვას, რომ საქართველომ რომ მოხალისეები არ გაუშვა და სანქციები არ დაუწესა, ქართველობის მრცხვენიაო, აბა ერთი ადამიანი გამოვიდეს და თქვას. რატომ? შეიცვალა რამე? – არაფერი. ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და თქვა სიმართლე. ეს შეიცვალა. ეს სიმართლე სიმართლე იყო მაშინაც და ახლაც. უბრალოდ, მაშინ მარტო ჩვენ ვამბობდით და ახლა სხვებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. ეს არის მხოლოდ განსხვავება", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.