უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ასევე, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
,,ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, ცოდნა და მომავალია, ამიტომ მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ ახალი ინიციატივები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობები. გაგრძელდება თემატური შეხვედრები, მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი ახალგაზრდების იდეებს სხვადასხვა პროექტთან და სტარტაპებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ფორუმზე, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, ცენტრის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ღონისძიების მონაწილეებმა კი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და იმსჯელეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფესტივალით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, მოეწყობა მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე კონცერტები მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლები.