"9 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ბიზნესის სისტემური რეკეტი, სისტემური წამება-გაუპატიურება... ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს" - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელიც 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის, აბსოლუტურად საჯარო იქნება.

მისივე განცხადებით, არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და ფაქტები, რომელსაც სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

"ჩვენ ვართ ვალდებულები, პირველ რიგში, იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც პირდაპირ თავიანთ თავზე გამოცადეს ჩაგვრა და წამება, რომელიც იმ რეჟიმმა შემოგვთავაზა. არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც იმ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი: რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან ომში, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, რატომ გადაუფორმეს, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც საქართველოს გააჩნია, რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს?!

9 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ბიზნესის სისტემური რეკეტი, სისტემური წამება-გაუპატიურება, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც სისტემური ხასიათის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა - სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ ყველაფერს. ის 6-თვიანი მუშაობა, რომელსაც საპარლამენტო კომისია გაწევს, იქნება აბსოლუტურად საჯარო," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.