1734086254
26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი - თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს
თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ჩემი ხმის" წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზე დავობენ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ერთდროულად 26 საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაც წარმოუდგენელია.
"საია-ს შეტანილი ჰქონდა 12 საქმე. თორმეტივე საქმე გააერთიანა. ეს საქმეები, მასობრივად, ეხება ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას აღმოსავლეთ საქართველოში. ამ საქმეს მიუერთა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვა დავები, რომელიც, ასევე უბნების ბათილობასთან არის დაკავშირებული და, ჯამში, გამოვიდა, რომ 26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
ამავე სხდომაზე განიხილება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელსაც ცესკო არ ეთანხმება. საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თუ მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობდა, ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა გაკეთებულიყო.
"როგორც იცით, თეთრიწყაროში ჩვენ მოვიგეთ საქმე, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ისინი ამბობენ, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული, ამიტომ მოსამართლის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი და მის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ უნდა იყოს ეს საქმეში. ეს არანაირად დასაბუთებული არ არის - მათ თუ ჰქონდათ მოსამართლის აცილების საფუძველი, ეს უნდა გაეკეთებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.