ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზეწოლა, რომელსაც ტრამპი კიევზე მშვიდობის სანაცვლოდ დათმობების მისაღწევად ახორციელებდა, ბევრად აღემატებოდა მოსკოვზე განხორციელებულ წნეხს.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ კვლავ ინარჩუნებს იმედს, რომ მისი ვაშინგტონელი კოლეგა პოზიციას შეიცვლის.
„რაც რუსებს ძვირად უჯდებათ, ეს არის მათი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეჩერება, მათი კომპანიების მუშაობისა და ვაჭრობის უნარის შეფერხება, რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის აღკვეთა და სანქციებისგან თავის არიდების გზების ჩაკეტვა“, - განაცხადა ზელენსკიმ და მოუწოდა ტრამპს, განახორციელოს ზეწოლა იმ სექტორებზე, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი და აშშ განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე და შეაჩერებენ პუტინს“, - თქვა მან. „თუმცა, მე პირველ რიგში უკრაინის მოქალაქეების, ჩვენი არმიისა და ჩვენი წარმოების იმედი მაქვს“.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ ტრამპი კიევს ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლას აიძულებდა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე „დიდ რისკებს“ შეიცავს.
„ომი შეიძლება თავიდან დაიწყოს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს“, - განაცხადა მან. „ჩვენ არ გვჭირდება პაუზა. ჩვენ გვჭირდება ომის დასრულება“.