ზელენსკი: უკრაინა არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორია ომის გახანგრძლივებისა და ოკუპაციის უსასრულოდ ქცევის იარაღად გამოიყენოს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის მიმართულებით უკრაინის ოპერაცია ზუსტად არის გათვლილი.

მისივე თქმით, უკრაინა რუსულ დარტყმებზე რეაგირებას აგრძელებს.

„ოკუპანტებს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ ჩვენს მიწაზე, რომელიც ახლა რუსეთის დროშის ქვეშ იმყოფება. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ლოგისტიკა და თავად ოკუპანტების იქ ყოფნა უკიდურესად რთულია. ეს არის სწორი სიგნალი რუსეთისთვის. სიგნალი, რომ რუსეთს ნამდვილად არ გამოუვა დაუსჯელად და იოლად მიითვისოს უკრაინელი ხალხის ან სხვა ნებისმიერი ხალხის მიწა, ვისაც ახლა რუსული ამბიციები ემუქრება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორია ომის გახანგრძლივებისა და ოკუპაციის უსასრულოდ ქცევის იარაღად გამოიყენოს.

„ჩვენი ოპერაცია, განსაკუთრებით კი ყირიმთან დაკავშირებით, მკაფიოდ არის გათვლილი და მისი მიმდინარეობა აბსოლუტურად აჩვენებს, უკრაინას თუ ექნება ის, რაზეც პარტნიორებთან „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ვსაუბრობდით და ეს ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩვენ ოპერატიულად შევქმნით პირობებს, რომლებიც რუსეთს აიძულებს, მშვიდობა აირჩიოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებისგან დადებითი პასუხი იქნება. მათ ნათლად იციან, რაზეც არის საუბარი. ახლა ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავად რუსეთშიც ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს რუსულ ომს და რაც, ზოგადად, შესაძლებელს ხდის ამ ომსა და რუსეთის აგრესიას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.