1732386875
ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, იყვნენ გარდამტეხი ძალა და უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში, ელისეის სასახლეში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ორი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.
„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქს გაერთიანებული სამეფოდან ეწვია. ის ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გამარჯვებამდე მიყვანას ისახავს მიზნად.
„უკრაინას შეუძლია, ამაში საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მაკრონმა, რომლის თქმითაც, საფრანგეთი აუცილებლად მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას.
ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.
პარიზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს უკვე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.