ზელენსკი: ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა, რომლითაც რუსებმა კიევს დაარტყეს, სულ მცირე, 116 კომპონენტს შეიცავს - უმეტესობა, სამწუხაროდ, ამერიკული კომპანიების მიერ არის წარმოებული

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა, რომლითაც რუსებმა კიევს დაარტყეს, სულ მცირე, 116 კომპონენტს შეიცავს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არის შემოტანილი და უმეტესობა აშშ-შია წარმოებული.

„რაკეტასთან დაკავშირებით ყველა დეტალის დადგენა გრძელდება. თუმცა უკვე გასაგებია, რომ ეს ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტაა. რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლა მათ საშუალებას აძლევს, შემოიტანონ ასეთი რაკეტები და სხვა იარაღი და გამოიყენონ აქ, ევროპაში. ჩრდილოეთ კორეაზე და მის თანამზრახველებზე არასაკმარისი ზეწოლა კი საშუალებას იძლევა აწარმოონ, კერძოდ, ასეთი ბალისტიკური რაკეტები. რაკეტაში, რომელმაც კიეველები მოკლა, სულ მცირე 116 კომპონენტი იყო, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არის შემოტანილი და მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, ამერიკული კომპანიების მიერ არის წარმოებული“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.