1746733863
ყაზახეთის უარი პუტინს - რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახი კოლეგა უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე ვერ დაითანხმა

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღიარებს და აგრესიის საბაბად იყენებს.
აშშ-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას, არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.
"მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ასევე, მივესალმებით ყაზახეთის მიერ პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარის თქმას". – წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.