ვინ ამზადებს რუსეთში პუტინის სასახლის გადატრიალებას - სახელდება მოქმედი პრეზიდენტის სავარაუდო შემცვლელიც 

პუტინი

უკრაინაში წარმოებული ომი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. მედიაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის რეჟიმის დამხობასა და მის ლიკვიდაციას გეგმავს.

ამ ინფორმაციის შესახებ საუბრობს კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაიაც. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, პუტინის არაპრაგმატული ქმედებები, შესაძლოა, მისი სასახლის გადატრიალებით დასრულდეს. 

„პუტინის გადაყენება და მეტიც, მისი ლიკვიდაცია რეალურია. ახლა რუსეთის კარზე კლანებს შორის მწვავე დაპირისპირებაა.  დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში პუტინს წინააღმდეგ უფრო ოლიგარქების დაჯგუფება და ძალოვნების კლანი წავლენ, რადგან პუტინმა უკრაინის ერთი მოსმით განადგურებასთან დაკავშირებით, სილოვიკების  (ძალოვნების დაჯგუფება) დაკვეთა ვერ შეასრულა, ხოლო რაც შეეხება ოლიგარქებს, მათ მთელი ქონება დააკარგვინა.

მეჩვენება, რომ რუსეთში პუტინის სასახლის გადატრიალება მზადდება, რომლის უკან შესაძლოა, იდგეს რუსეთში გავლენიანი პიროვნება ნიკოლაი პატრუშევი. აღსანიშნავია, რომ აქამდე პატრუშევსა და პუტინს შორის სერიოზული განხეთქილება არსებობდა. სასახლის გადატრიალება მოიცავს ყველა ვარიანტს, მათ შორის, პუტინის ლიკვიდაციას“, - განაცხადა მაისაიამ.

ვინ განიხილება პუტინის შემცვლელად - როგორც მაისაია აცხადებს, პუტინის შემცვლელი, შესაძლოა, ალექსანდრ დიომინი იყოს.

„პუტინი ყოველთვის წინ „ქაჩავდა“თავისი ყოფილი დაცვის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრ დიომინს. ის ახლა ტულის გუბერნატორია. ის გახლდათ გენერალ-ლეიტენატი,  სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც ყირიმის ოკუპაცია, ანექსია მოახდინა. სულ რამდენიმე თვის უკან, სრულიად მოულოდნელად, სამოქალაქო პირს, დიომინს, რომელიც თადარიგშია გასული, პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიანიჭა.

ეს ფაქტი ძალიან მაგონებს პუტინის აღზევებას.  პუტინსაც ანალოგიური წესით მიანიჭეს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და სწორედ, აქედან დაიწყო მისი აღზევება. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ, დიომინი განიხილებოდეს პუტინის შემცვლელად. მით უფრო, როცა მის კანდიდატურას მხარს უჭერენ.  ოპოზიციური პარტიებიც“,- განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ასევე ნახეთ - არნოლდ შვარცნეგერის მიმართვა რუსეთს