უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა სარდლობა კურსკის მიმართულებით დებილურ ამოცანებსა და გაუმართლებელ დანაკარგებში დაადანაშაულა

ალექსანდრ შირშინი

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა, ალექსანდრ შირშინმა სარდლობა „დებილურ ამოცანებსა და გაუმართლებელ დანაკარგებში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უფრო დებილური ამოცანები, როგორიც ამჟამინდელ მიმართულებაზეა [კურსკის ოლქი], არასდროს მიმიღია. როდესღაც მოვყვები დეტალებს, მაგრამ უაზრო ადამიანური დანაკარგები, უტვინო გენერალიტეტის წინაშე კანკალი, გარდა ჩავარდნებისა, არაფრამდე მიგვიყვანს. ყველაფერი, რისი უნარიც აქვთ, არის საყვედურები, გამოძიებები, დისციპლინური სახდელების დადება“, - განაცხადა შირშინმა.

მისი თქმით, პოლიტიკური თამაშები და რეალური მდგომარეობის შეფასება არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არც შესაძლებლობებს.

„შესაბამისი მოხსენებითი ბარათი დაწერილია, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამათავისუფლებენ თანამდებობიდან. ამიტომ მალე მზად ვიქნები რამდენიმე მომენტი ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს მოვუყვე“, - დასძინა მან.