1745863963
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, მან ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს - რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს რეალურ ზავს, სულ მცირე 30 დღით, და არ შემოიფარგლოს ხანმოკლე სამდღიანი ზავით.
„თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, მან ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? ცეცხლის შეწყვეტა ახლავე, ნებისმიერი თარიღიდან და 30 დღით არის შესაძლებელი - რათა ეს რეალური იყოს და არა მხოლოდ აღლუმისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს ცეცხლის ხანგრძლივ, საიმედო და სრულ შეწყვეტას.
მანამდე პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.