უკრაინის რეგიონებზე ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20 ადამიანი

უკრაინა

ღამით უკრაინის რეგიონებზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საოლქო ხელისუფლებები ავრცელებენ.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო ხერსონი, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რეგიონში დარტყმების სამიზნე ხუთი დასახლებული პუნქტი იყო. გარდაცვლილია ორი, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი. დაშავებულებს შორის არის ერთი 14 წლის მოზარდი. რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში გამოიყენეს საავიაციო ბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა არტილერია, დრონები და ავიაცია გამოიყენეს რეგიონის ათობით დასახლებული პინქტის წინააღმდეგ. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავტომობილები. დაშავდა ხუთი ადამიანი.

დონეცკის ოლქზე იერიშის შედეგად დაშავებულია 11 ადგილობრივი მცხოვრები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, სინელნკოვის რაიონში დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ცეცხლი გაჩნდა ადმინისტრაციულ შენობაში, სასტუმროსა და რამდენიმე კერძო სახლში, განადგურებულია ავტომობილი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 32 დრონი გამოიყენა, საიდანაც 20-მდე „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი იყო. საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ან გააუვნებელყო 23 დრონი. დაფიქსირდა დრონით დარტყმები რვა ადგილას. უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დრონებით შეტევა გრძელდება.