კირცხალია „ნაცმოძრაობის“ მიერ დამხობის გეგმისგან დისტანცირებაზე: გამიჯვნა, გაქცევა, ღალატი - ეს მათი სახეა, იმიტომ, რომ ისინი ღალატობდნენ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა რატომ გვიკვირს, თუ უღალატებენ თავიანთ თანაგუნდელებს

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, ხელისუფლების დამხობის გეგმისგან დისტანცირების მცდელობაზე ისაუბრა.

კირცხალიას განცხადებით, გამიჯვნა, ადამიანის მიტოვება, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის და მისი წევრების მორალური სახეა.

„ნურავის მიაყენებენ შეურაცხყოფას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ნუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას აქვს ერთსაათიანი, ან რამდენიმე დღის მეხსიერება, გადახედონ მათ ძალიან მოკლე, რამდენიმე დღიან რეტროსპექტივას, თუ რა განცხადებებს აკეთებდე და რომელ თავშეყრას შეუერთდნენ თითოეული მათგანი, რომელიც დღეს გამოდის და ემიჯნება, ზოგადად გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება, ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა. ეს კიდევ ცალკე საკითხია ამ დიდ დანაშაულს რომ თავი დავანებოთ და უბრალოდ პოლიტიკურ, მორალურ, ადამიანურ ჭრილში შევხედოთ. თავისი თანაგუნდელებისგან გამიჯვნა როდესაც ნახავენ, რომ რაღაც საშიშროებას, საფრთხეს, ჩავარდნილ სცენარს. გამიჯვნა, გაქცევა, გადაბრალება, ღალატი ეს არის მათი მორალური სახე, იმიტომ, რომ ისინი ღალატობდნენ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ღალატობდნენ ქვეყანას ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლა რატომ გვიკვირს თუ უღალატებენ თავიანთ თანაგუნდელებს და რამდენიმე საათში ერთხელ შეიცვლიან თავის აზრს, ან გააკეთებენ რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას სხვადასხვა თემაზე“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.