უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ აქტიურად, მაგრამ ნატოს ჯარები არ შევლენ უკრაინაში - იენს სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, თუმცა განაგრძობს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას:

„მოკავშირეები გაერთიანებული არიან, ისინი ერთიანად უზრუნველყოფენ უკრაინის მხარდაჭერას, ეხმარებიან უკრაინას, რომ დაიცვას თავი და ასევე მოკავშირეები გაერთიანებული არიან იმ მიმართულებით, რომ ნატომ არ უნდა დაუშვას ნატოს ჯარები უკრაინის მიწაზე ან საჰაერო სივრცეში, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტისა და ომის ესკალაცია და ეს არ გასცდება უკრაინის ფარგლებს. ადამიანები იტანჯებიან, იხოცებიან, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ გაუარესდეს იმ შემთხვევაში თუ ნატო გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ამას გადაზრდის ისეთ ომში, რომელიც იქნება ნატოსა და რუსეთს შორის.

ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ აქტიურად მათ უნდა მივაწოდოთ საზენიტო სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ასე შემდგომ, მაგრამ ნატოს ჯარები არ შევლენ უკრაინაში და ეს არის ნატოს მოკავშირეების ერთიანი გადაწყვეტილება.“- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ალიანსის წევრებისა და უკრაინამ უნდა მიიღოს:

„მესიჯი უკრაინისთვის არის იგივე, რაც წლების განმავლობაში იყო, უკრაინა გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყანა და მათ აქვთ იმის საშუალება რომ მიიღონ გადაწყვეტილება თავისით, უკრაინის მთავრობა არის დემოკრატიული გზით არჩეული. მათ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა გახდნენ ნატოს წევრი თუ არა და ასევე 30 მოკავშირე გახლავთ ვინც იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.