პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინამ გაეროს ექსპერტები რუსეთის მიერ გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევად მიიწვია. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters-ი, რომელიც უკრაინის მიერ გაეროსთვის გაგზავნილ წერილს გაეცნო.
კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი იყენებს ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს და ამით არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ირანიდან შეიარაღების იმპორტი აკრძალულია.
ირანის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დააყენებენ, რომელიც დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება.
უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. ირანს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.
ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, არაერთი შეტევა მიიტანეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.
17 ოქტომბერს, ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.
18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.