დაბომბეს

უკრაინა, რუსეთს, „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინა "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსეთს ტყვეების გადაცემას სთავაზობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ მოსკოვიდან ამ საკითხზე პასუხი ჯერჯერობით არ არის და მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კიევში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ აზოვსტალის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია და რომ რუსეთი  სამხედროების მესამე ქვეყანაში გადაყვანაზეც უარს აცხადებს.

მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები კი დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა "ტვიტერზე" "ტესლას" დამფუძნებელ მილიარდერს სთხოვს დაეხმაროს მებრძოლებს "აზოვსტალიდან" მესამე ქვეყანაში გასვლაში.

"სიენენთან" საუბრისას კი აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ უკვე დატოვა, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით კი, ბოლო ორი დღეა ის და მისი ოჯახი სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებენ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ "აზოველების" ახლობლები არიან. არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინა იბრძოლებს "აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლის გამოყვანისთვის.

"მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარებს ვიღებთ იმ პირებისგან, რომლებიც თავს "აზოვის" მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ მოკლავენ ჩემს ცოლს, მე და ჩვენს შვილებს, რადგან ჩვენ კიევში ვსხედვართ და უარს ვამბობთ "აზოვზე".

"აზოვის" მებრძოლების გარდა, ადგილზე არიან მესაზღვრეები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ეროვნული გვარდია - ამ ჯარისკაცების ნათესავები მე და სხვებს მსგავსს არაფერს გვწერენ.

მე მესმის "აზოველების" მწუხარე ნათესავებისა და ცოლების, მაგრამ ვინც მათ ურჩევს, მუქარები მისწერონ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში, გირჩევთ გონს მოეგოთ და დაფიქრდეთ, ეს რას გამოიწვევს.

ბლოკირებულ ქალაქში მყოფი ნათესავი და მეგობრები ჰყავს პრეზიდენტის მთელ ადმინისტრაციასაც.ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყველა მებრძოლისთვის, მაშინაც კი თუ ეს მებრძოლი მეტყვის, რომ მესვრის მე, ჩემს მეუღლესა და ჩემს შვილებს, მე მაინც ვიბრძოლებ მისთვის, რომ აქ ცოცხალი დაბრუნდეს, რადგან ხალხის მუქარა და სასოწარკვეთა ცალკე საკითხია და სხვა თემაა მებრძოლების გამოყვანა," - განაცხადა არესტოვიჩმა. 

მთავარი სიახლეები