თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია! ვითარება უკიდურესად მძიმეა - მარიუპოლის მერის მრჩეველი

azovi

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე ინტენსიური შეტევები გრძელდება. მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ამბობს, რომ "თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია".

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ უბნებს "გაფრთხილების გარეშე სასწრაფოდ დამოუკიდებლად მოუწიათ ევაკუაცია". მისივე თქმით, უწყვეტი დაბომბვა მიმდინარეობდა ღამის განმავლობაშიც.

"მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა", - თქვა მან.

ოთხშაბათს "აზვოსტალის" ქარხანაში მყოფმა უკრაინელმა მებრძოლებმა თქვეს, რომ ოკუპანტებმა პერიმეტრი გარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ქარხანას ამ დრომდე აფარებს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, აზოვსტალში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა ჯარისკაცები ბრძანების შესრულებას აგრძელებენ და დაცვას ინარჩუნებენ. მეთაური მადლობას უხდის მთელ მსოფლიოს მარიუპოლის მხარდაჭერისთვის.

"მეორე დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. არის მძიმე, სისხლიანი ბრძოლებია. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას იყენებენ მტრის თავდასხმის შესაკავებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ! მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას - ვინარჩუნებთ დაცვას", - ამბობს ის.

დღეს უკრაინსკა პრავდამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფრომაცია, რომ რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. მედია წერდა, რომ უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი ვერ მყარდება.

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ოკუპანტები აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კონტაქტი მარიუპოლის დამცველებთან.