„ტრამპს პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ, რომ პუტინს მისი ეშინია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

რა ვითარებაა უკრაინაში - რუსეთის ძალებმა ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით საბრძოლო დრონები გაუშვეს. თავდასხმის საშიშროების გამო, ღამის განმავლობაში, უკრაინის 11 რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება.

უკრაინული პორტალის, "დიფ სთეითის" მონაცემებით, ოკუპანტმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაწევა შეძლო. მედიის ინფორმაციით, ბრძოლები ქალაქ ტორეცკის ქუჩებში მიმდინარეობს, სადაც, ოკუპანტი გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გაანადგუროს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შესაძლოა, მალე შეხვდეს. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

"ტრამპმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენს შეხვედრას ელოდება. მე ვიცი, რომ მას საკუთარი, ამერიკული საქმეები აქვს, თუმცა, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ჩემი აზრით, ჩვენი საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მას პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ, რომ პუტინს მისი ეშინია, ეს ფაქტია. ტრამპი დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია და სამუდამოდ არ მოდის, ის პუტინი არ არის. არ მოვა 25 წლით, საკუთარი ვადით მოვა, მაგალითად, 4 წლით, მე-5 წელს კი პუტინი ომს დაიწყებს. ტრამპისთვის ეს მარტივი იქნება?! - ის, რომ მის დროს ომი არ იყო, მის შემდეგ კი უკრაინა გაანადგურეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.