The Times: დასავლეთი უკრაინას სტეფანჩუკის უსაფრთხო ადგილას გადაყვანისკენ მოუწოდებს - ვინ არის რუსლან სტეფანჩუკი და რატომ ზრუნავს დასავლეთი მასზე

სტეფანჩუკი

მე-19 დღეა, რაც უკრაინაში  რუსეთის მიერ ე.წ. სამშვიდობო სამხედრო მისიით დაწყებული ომი გრძელდება. 
 
საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, 28 თებერვალს The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომლებსაც კრემლმა ვოლოდიმირ  ზელენსკის მოკვლა დაავალა. 
 
თუმცა, უკრაინის პირველი პირი კიევის დატოვებას არ აპირებს და სამშობლოს დასაცავად დედაქალაქში რჩება. 

 

„მე ვრჩები დედაქალაქში, მე ვრჩები ჩემს ხალხთან“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 

 

|რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლავენ ან ტყვედ ჩავარდება

უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს დროებით უკრაინის რადას თავმჯდომარე ანაცვლებს. ამჟამად, აღნიშნულ თანამდებობას რუსლან სტეფანჩუკი იკავებს, რომელიც მანამდე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. 
 
აღსანიშნავია, რომ რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. იგი 2019 წელს გაწევრდა მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატის, ვოლოდიმირ ზელენსკის საარჩევნო შტაბში, სადაც საკანონმდებლო საქმიანობითა და იდეოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული. 
 
ომის დაწყების დღიდან რუსლან სტეფანჩუკი ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით დგას და საჯარო სივრცეებში საკმაოდ ხშირად ჩნდება. 
 
The Times-ის ინფორმაციით, დასავლეთი უკრაინას რუსლან სტეფანჩუკის კიევიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანისკენ მოუწოდებს, რათა იმ შემთხვევაში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ვეღარ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, სტეფანჩუკმა ის დროულად ჩაანაცვლოს.  ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადგილს იმ შემთხვევაში, თუ სტეფანჩუკს რამე მოუვა, ეს უკრაინის კონსტიტუციაში განმარტებული არ არის. 

როგორც Business Insider-ი წერს, 2020 წელს, როდესაც სტეფანჩუკი და ზელენსკი კოვიდ-19-ით  ერთდროულად დაინფიცირდნენ, მათ მოვალეობას დროებით უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ასრულებდა. 
 
ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლის შემთხვევაში, უკრაინელებს აქვთ „მთავრობის მართვის უწყვეტობის“ გეგმა. 
 
„უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებობს ხელისუფლების უწყვეტობა ამა თუ იმ გზით და მე აქ გავჩერდები“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
 
The Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა, სულ მცირე, სამჯერ სცადეს.
 
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად ორი განსხვავებული ჯგუფი გაგზავნეს - დაქირავებულები „ვაგნერის ჯგუფიდან“ და ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.
 
მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობები აღიკვეთა რუსული FSB-ის წყალობით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან ომს.

 

მომზადებულია Business Insider-ისა და  The Times-ის მიხედვით