The Telegraph: უკრაინამ აშშ-ს საკუთარი ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გადასცა

ukraina usa

უკრაინამ ლონდონში 23 აპრილს გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ს საკუთარი ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გადასცა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გეგმის საკვანძო საკითხს ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენს. „ყირიმი არის მთავარი ქვაკუთხედი. მასზე რუსეთის კონტროლის აღიარება საერთაშორისო სამართლის ცენტრალურ პრინციპს დაარღვევს - არცერთ ქვეყანას სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია არ შეუძლია - და დაარღვევს უკრაინის კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ ტერიტორიის დაბრუნება მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი“, - წერია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, საკუთარი მოთხოვნების დაყენებით უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივად დაბლოკავს.

უკრაინის მოთხოვნების პირველ და მეორე პუნქტებში აქცენტი იმაზე კეთდება, რომ სამშვიდობო შეთანხმება საერთაშორისო სამართალს და არა კაპიტულაციას უნდა ეყრდნობოდეს. დოკუმენტში ცალკე საუბარი ეთმობა ჩინეთის შესაძლო შეჭრა ტაივანში.

უკრაინა აგრეთვე ითხოვს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს. დოკუმენტის მესამე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ უკრაინა სამშვიდობო პროცესის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. მეოთხე პუნქტი აშშ-ს და ნატოს აფრთხილებს, რომ ყირიმზე რუსეთის მიერ კონტროლის შენარჩუნება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის სხვა ქვეყნებს - თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს.

მეხუთე და უკანასკნელი პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება უკრაინას შეიარაღებული ძალების რიცხოვნობასა და სამხედრო-სამრეწველო ბაზაზე კონტროლი დაუწესოს.