ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ - გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს - ზელენსკი

ზელენსკი

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია.

მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

„გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.