შვედეთის თავდაცვა ავრცელებს ცნობას, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

თვითმფრინავი

რუსულმა სამხედრო, სადაზვერვო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ინფორმაციას Al Jazeera შვედეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსულმა AN-30-მა შვედეთის საჰაერო სივრცე პარასკევს საღამოს დაარღვია“, - აღნიშნულია შვედეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თვითმფრინავი ბალტიის ზღვაში მდებარე დანიის კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით ფრენდა, ვიდრე შვედეთის ტერიტორიისკენ გაემართებოდა.

„შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელია“, - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროში.

Al Jazeera-ს ცნობით, თვითმფრინავმა შვედეთის ტერიტორია მალევე დატოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას გეგმავს. ამას მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა.