რატომ არ იქნება საქართველოში ომი - ზურაბ მაღრაძის საინტერესო მოსაზრება

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტრენერი, ზურაბ მაღრაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს შესახებ საუბრობს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს იმის დასადასტურებლად, თუ რატომ „ვერ იქნება“ საქართველოში ომი. 

გთავაზობთ ტრენერის ანალიზს: 

„საქართველოში ომი არ იქნება. გაგიკვირდებათ ალბათ თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა.

პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარკინიგზო გადაზიდვები შეწყდება. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით…

2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო უკვე. აქამდე ჩინური სახმელეთო ტვირთები ევროპის პორტებისკენ მიემართებოდა რუსეთი-ბელორუსი-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით. დასრულდა უკვე რუსული სატრანზიტო ჭინთვები. ევროპიდან აზიამდე ერთადერთი გზა ორ ზღვა შუა ლელოზე გადის.

ირანი სანქციების გადახედვის რეჟიმშია. ემზადება საქართველოს პორტების გავლით ტვირთების ევროპის ბაზრებისკენ მიწოდებისთვის.

ბაქოს პორტიდან საქართველოს გავლით სტამბოლის პორტამდე სატვირთო მატარებლები უკვე მოძრაობს. თურქეთში შედის ყველა სატრანზიტო არტერია - სანავთობო, ბუნებრივი აირის, სარკინიგზო... ანუ თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვნად ზიანდება. კასპიის ენერგომატარებლები კი ევროპას ახლა დიდად სჭირდება.

კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მილსადენები გადის.

კიდევ არის ერთი ფაქტორი - სომხეთიდან რუსული ჯარის უკრაინაში გაყვანა საქართველოს გავლით. ვერ გაიყვანს, რადგან საწვავის ქვეყანას საწვავის კრიზისი დაუდგა თავისი ჯართისთვის. ლოჯისტიკა მორყეული აქვს. ამიტომ თვითმფრინავით დაიწყეს გიუმრიდან საზარბაზნე ხორცის ტრანსპორტირება. სირიიდან 40,000 მებრძოლიო, ხმა დაირხა კრემლიდან. ჯერ ერთი 1000-ზე მეტი მეომარი ვერ შეაგროვა ასადმა. მერეც მეორე, ამ ზამთარში სირიელები უკრაინელებისთვის ადვილად დასაღეჭი ხორცია.

რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს. კრიზისი ნამდვილად იქნება, ოღონდ იგი ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზრებზე დაერთებული ქართველებისთვის იქნება და არა ქართველი ხალხისთვის.

მალე საქართველო სხვა ქვეყნებს და ხალხებს აქეთ დაეხმარება.

ერთ რეკომენდაციას დავწერ აქვე. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის დაუშვით შემდეგი სასწავლო საგნები - გეოპოლიტიკა და აბრეშუმის გზა.

უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ (არ ვიცი ამას მერამდენედ ვწერ უკვე). დიდება გმირებს!