რუსლან სტეფანჩუკი: არავის აქვს უფლება, გადაკვეთოს უკრაინის წითელი ხაზები

ruslan stefanchuki

არავის აქვს უფლება, გადაკვეთოს უკრაინის წითელი ხაზები, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

რუსლან სტეფანჩუკის თქმით, უკრაინისთვის წითელი ხაზებია უკრაინული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის სამართლებრივი აღიარება, უკრაინის თავდაცვის ძალების შეზღუდვა და ვეტო უკრაინის მიერ მომავალი ალიანსების არჩევაზე.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმოძრაოთ ნამდვილი მშვიდობისკენ და ამას ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ ნება მომეცით, გამოვყო ჩვენი ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები. თქვენ იცით, რომ ომის პირველივე დღიდან უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ჩვენს ღირსებას. უკრაინა მზადაა ომის დასრულების შესახებ არსებითი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე. ამავდროულად, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უკრაინის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლება არავის აქვს – არც ფიზიკურად, არც იურიდიულად და არც მორალურად. არანაირი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივი აღიარება. არანაირი შეზღუდვა უკრაინის თავდაცვის ძალებზე. არანაირი ვეტო უკრაინის უფლებაზე, აირჩიოს მომავალი ალიანსები. ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მკაფიო პრინციპს: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე“, – განაცხადა უმაღლესი რადას სპიკერმა.