„რუსი ჯარისკაცებისგან განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სიტუაცია უკიდურესად მძიმე რჩება“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ალექსი რეზნიკოვი

ჯარები კონცენტრირებულია ძლიერი შეტევისთვის უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში. რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და კონფლიქტი გაჭიანურებულ ფაზაში და სხვა ფორმაში გადააქვს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის მიმართვაში უკრაინის პარტნიორი ქვეყნებისადმი.

"რუსი დამპყრობლები განდევნეს ჩვენი დედაქალაქიდან, კიევიდან. ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების რუსი ჯარისკაცებისგან განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სიტუაცია უკიდურესად მძიმე სამხრეთით და აღმოსავლეთით რჩება.

რუსეთი ძალების კონცენტრირებას ძლიერი შეტევისთვის ახორციელებს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

"ჩვენი არმია კარგად არის გაწვრთნილი და ძალიან მოტივირებულია. ჩვენი ერთი მებრძოლი 10 რუსი ღირს. ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის შეჩერება ძირითადად იმ იარაღის წყალობით, რომელიც მივიღეთ პარტნიორებისგან. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, ეს არის კონფლიქტის გაჭიანურებულ ფაზაში და სხვა ფორმაში გადაყვანა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, კლებულობს კონტაქტური ბრძოლების რაოდენობა, მტერი ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს, იყენებს თვითმფრინავებს, მასიურად იყენებს MLRS სისტემებს და შორ მანძილზე მყოფ არტილერიას და ანადგურებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს.

„დაბომბვა რუსეთის ტერიტორიიდან, ბელორუსიიდან ხორციელდება, ასევე შავი და აზოვის ზღვების წყლებიდან. ასეთ პირობებში ომი რესურსების კონკურენციის ფაზაში გადავიდა. უკრაინამ ასეთი ომი რომ მოვიგოთ, ჩვენ სხვა დახმარება გვჭირდება, ვიდრე აქამდე ვიღებდით“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ უკრაინაში ომი ხანგრძლივი იქნებოდა.

კერძოდ, ჯერ კიდევ 19 მარტს ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რადგან ოკუპანტებმა თავდაპირველ მიზნებს ვერ მიაღწიეს, მათ სტრატეგია შეცვალეს. ახლა, მტერი შეეცდება ამოწუროს უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა უკრაინელი.

დიდი ალბათობით, გაძლიერდება მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, რაც მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას და ჰუმანიტარული კრიზისის გაძლიერებას გამოიწვევს.

6 აპრილს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შექმნა „საშიში ისტორიული შემობრუნების“ საფრთხე. ომი, მისი აზრით, წლების განმავლობაში გაგრძელდება.

იმავე დღეს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელდეს თვეებითა და წლობით და ამიტომ, აუცილებელია გრძელვადიანი პერიოდისთვის მომზადება არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.