რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან ჯარი გაჰყავს - გენშტაბში ვარაუდობენ, რომ ტაქტიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

ომი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიიდან გრძელდება - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათი მტკიცებით, ე.წ. „ჯარის გაყვანა“, სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას.

„ზოგიერთი მინიშნების მიხედვით, მტერი ახორციელებს ქვედანაყოფების გადაჯგუფებას, რათა ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება აღმოსავლეთზე მოახდინოს. ამავდროულად, ე.წ."ჯარის გაყვანა", სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს შეცდომაში შეიყვანოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობა და შექმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოს ოკუპანტები უარს ამბობენ ქალაქ კიევის ალყაში მოქცევაზ“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა.

„უკრაინას სჭირდება ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის აგება. სისტემის, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეუძლებელს გახდის. ამიტომ, ჩვენ ყველანი და პირადად მე ვაგრძელებ მუდმივ კომუნიკაციას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ მაღალი ხარისხის და ეფექტური მრავალმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება.

უკრაინა შესაბამისი შეთანხმების პოტენციურ გარანტორებს შორის განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, თურქეთს, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. ამ ქვეყნის ლიდერებთან ერთად ჩვენ უკვე დავასახელეთ კონკრეტული პოლიტიკური და უსაფრთხოების მრჩევლები. ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ სამომავლო დოკუმენტზე“, - აცხადებს ანდრეი ერმაკი.