რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაში ოდესის ოლქი დაბომბა

თავდასხმა ოდესაზე

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გვიან ღამით ოდესის ოლქში მდებარე იზმაილის რაიონი დაბომბეს. ამის შესახებ ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამ არხზე დაწერა.

„ღამით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე იერიში მიიტანა. რუსების სამიზნეს საპორტო ინფრასტრუქტურა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა. სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია“, - წერს კიპერი.

დაბომბვის შედეგად პორტთან მდებარე რამდენიმე ნაგებობა ჩამოინგრა, დაზიანდა სამი სატვირთო ავტომობილი. ადგილზე გაჩნდა ხანძარიც, რომლის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.