რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანშია

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭომ დღეს, 9 ნოემბერს დაადასტურა ერთი დღით ადრე ირანული წყაროებით გავრცელებული ცნობა, რომ თეირანში ჩავიდა უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

რუსული სააგენტო „ტასი“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პატრუშევი თეირანში გამართავს „რუსეთ-ირანის გეგმურ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებზე, უშიშროების საბჭოთა სპეციალისტების და ორი ქვეყნის სამინისტროების და უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით“.

ინფორმაცია, რომ პატრუშევი თეირანში ჩავიდა, პირველად 8 ნოემბერს გაავრცელა ირანულმა სააგენტო Nour-მა. მისი ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ მიიწვია.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) თანახმად, პატრუშევი თეირანში იმყოფება, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი გეგმავს უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გარდა, ირანისგან შეიძინოს ბალისტიკური რაკეტებიც. თეირანმა, რომელიც თვეების განმავლობაში უარყოფდა, რომ რუსეთი მისგან შეძენილ საბრძოლო დრონებს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, პირველად 5 ნოემბერს აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდა. ამასთან, ირანის მტკიცებით, ეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოხდა.

8 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Mohajer 6-ის ზოგიერთი დეტალი 2022 წლის თებერვალშია დამზადებული, დრონის მთლიანად აწყობას და რუსეთში გაგზავნასაც დრო სჭირდებოდა, ამიტომ ირანის განცხადება, რომ ეს აპარატები რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე გადასცა, ტყუილია. რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე დარტყმებისთვის.