გალკინი

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოურ აგენტად გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და იუმორისტი მაქსიმ გალკინი უცხოური აგენტის მოვალეობის შემსრულებელ პირთა რეესტრში შეიყვანა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდი იტყობინება.
 ახლა სიაში 23 ადამიანია. გალკინმა და მისმა მეუღლემ ალა პუგაჩოვამ რუსეთი მარტში დატოვეს. კრემლმა აღნიშნა, რომ გალკინი მათ პოლიტიკას არ იზიარებდა, „უკრაინაში სპეცოპერაციის" გამო.

„სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, რასაც ვგრძნობ! ეს წარმოუდგენელია!“ - დაწერა მაშინ გალკინმა, სოციალურ ქსელში. 
მოგვიანებით პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. მომღერალთან ერთად ვიდეო ინსტაგრამზე რუსმა დიზაინერმა იგორ გულიაევმა გამოაქვეყნა. 

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა: „გალკინი ჩვენთან ერთად არ არის“.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „საკმაოდ ნორმალურია“ პუგაჩოვას მიმართ.
ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გააკრიტიკა HRC-მა. მისი თქმით, ახლა რუსეთში უცხოელი აგენტები არიან  არა მხოლოდ ისინი, ვინც მიიღო მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან (დახმარება, ფული ან სხვა ქონება), არამედ ისინიც, ვინც „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.

წყარო