რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს კიევის, სუმისა და ოდესის ოლქის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

სუმი

რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანეს. კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვაზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

„ქალაქში დაფიქსირებულია მრავალსართულიანი სახლების შემინვის დაზიანებები, ხანძარი ავტოფარეხის კოოპერატივის, სავაჭრო და სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებზე,” – განაცხადა კიევის საოლქი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კალაშნიკმა.

ღამით რუსეთის ძალებმა ასევე დარტყმები განახორციელეს სუმიზე. არიან დაშავებულები. ქალაქ სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის ცნობით, უპილოტო აპარატით დარტყმა განხორციელდა საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე არასაცხოვრებელ ნაგებობაზე. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანებულია ოთხი საცხოვრებელი სახლი.

საოკუპაციო ძალებმა ასევე დაბომბეს პორტისპირა ინფრასტრუქტურა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში. დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. რაიონულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ხანძარი დროულად ლიკვიდირებულია.