ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს მასშტაბური საქორწილო ღონისძიებების მოზიდვას საქართველოში - ლევან ჯაფარიძე

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
„ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს მასშტაბური საქორწილო ღონისძიებების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან მსგავსი ღონისძიებები გამოირჩევა მაღალმხარჯველობით. შესაბამისად, ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან მოკლე ვადაში ქვეყანაში დიდი რაოდენობით თანხის შემოსვლა ხდება. ჩვენ მოვიწვიეთ 15 საერთაშორისო კომპანია და ამ კომპანიების წარმომადგენლებს ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას და შესაძლებლობებს. მათ საშუალება აქვთ დაამყარონ პირადი კონტაქტები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ბაზარზე ოპერირებენ“, — განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.