რუსეთი უკრაინის ქალაქებთან თავდაცვას "დრაკონის კბილებით" ცდილობს

დრაკონის კბილები

რუსი ოკუპანტები ქალაქ მარიუპოლთან ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს აყენებენ. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედვით, „ვაგნერის“ ჯგუფის წევრები აყენებენ დამცავი ბეტონის ნაგებობებს, რომლებიც „დრაკონის კბილების“ სახელით არის ცნობილი.

„რუსეთი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლთან დამცავ კონსტრუქციებს აყენებს. ორი ქარხანა პირამიდის ფორმის სპეციალურ ბეტონის კონსტრუქციებს აწარმოებს, რომლებიც „დრაკონის კბილების“ სახელით არის ცნობილი“ - აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

ამ ზომებს მოსკოვი იმის გამო იღებს, რომ მარიუპოლი რუსეთიდან ყირიმში დონბასის გავლით ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია და მას ჯარების მომარაგებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ასეთივე ნაგებობებს რუსეთი ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის ოლქებში აყენებს. ევგენი პრიგოჟინმა მას უკვე უწოდა „ვაგნერის ხაზი“.

საფორტიფიკაციო ნაგებობები ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს ყენდება, ბრიტანულ დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთმა იმის გამო მიიღო, რომ უკრაინული ჯარის მიერ ერთი ხაზის გარღვევის შემთხვევაში მისი მოულოდნელი და სწრაფი შეტევა არ დაუშვან, რასაც მანამდე ადგილი ჰქონდა ხარკოვის და ლუგანსკის ოლქებში.

მანამდე უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთმა შეტევითი პოტენციალი დაკარგა და ახლა კრემლის მთელი ძალისხმევა უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე და ნებისმიერი მეთოდით რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზეა ორიენტირებული.